გიორგი სვანიძე: დღეს ბოლნისში განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შეიქმნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, ბოლნისში საახალწლო განწყობა გრძელდება.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის მერთან ზამურ ჭითანავასთან, საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საახალწლო ღონისძიებებს დაესწრო.
პარკში მოწყობილ სადღესასწაულო სოფელში სტუმრებს საბავშვო პროგრამა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და გალაკონცერტი დახვდათ. სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ესტრადის ვარსკვლავებმა იზრუნეს.
„დღეს ბოლნისში განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შეიქმნა. კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ვიგრძენით ერთიანობა, სითბო და პოზიტიური ემოციები.
მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი საღამოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას. დაე, საახალწლო განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.