ახალციხეში კალათბურთის პროფესიონალური გუნდი და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია შეიქმნა
ქალაქ ახალციხეში პროფესიონალური კალათბურთის გუნდი ,,ახალციხე” და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია შეიქმნა.
ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა კალათბურთის გუნდისა და ბავშვთა საკალთბურთო აკადემიის შექმნის მიზნებზე ისაუბრა და გუნდ ,,ახალციხის” კალათბურთელები წარადგინა.
“დღეს ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ისტორიის ახალი ფურცლის დაწერა იწყება, ძალიან დიდი ხნის ნატვრა ახდა და ახალციხეს ჰყავს კალათბურთის პროფესიონალური გუნდი „ახალციხე“, ასევე დღეიდან ვხსნით ბავშვთა საკალთბურთო აკადემიას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქში გაიზრდებიან პროფესიონალი სპორტსმენები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით იასპარეზებენ“, – განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.
ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში კალათბურთის სპორტის სისტემური განვითარება, ბავშვთა და მოზარდთა შორის სპორტული აქტივობების ხელშეწყობა და აღნიშნულ სპორტში ახალი თაობის ჩართულობის გაზრდა.
ახლად შექმნილ გუნდს და ბავშვთა საკალათბურთო აკადემიას წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და „სუპერ ლიგის“ ხელმძღვანელმა კობა კობიაშვილმა.
საკალათბურთო გუნდი და ბავშვთა აკადემია ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცა და წარმატებები უსურვა.
პრეზენტაციას ქალაქის საზოგადოების, მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მეზობელი მუნიციპალიტეტების, სპორტის სფეროსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი „ახალციხე“ ა-ლიგაშია, იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატში, ხოლო ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლა მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან კალათბურთით დაინტერესებულ მოზარდებს შეეძლებათ.
კალათბურთის აკადემია მსურველების მიღებას იანვრიდან დაიწყებს და სწავლა უფასო იქნება.