“დემოკრატია საერთოდ ტერმინოლოგიურადაც კი გააუქმეს, მაშინ რაღა საჭიროა კენჭისყრები, განცხადების მხარდაჭერა და ასე შემდეგ ევროპულ საბჭოზე” – პაპუაშვილი
“დემოკრატია საერთოდ ტერმინოლოგიურადაც კი გააუქმეს, მაშინ რაღა საჭიროა კენჭისყრები, განცხადების მხარდაჭერა და ასე შემდეგ ევროპულ საბჭოზე, თუკი ჩაუვარდათ დოკუმენტი განცხადების სახით და შემდეგ დანიის დოკუმენტად იქცა ეს ყველაფერი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი შეაფასა.
პაპუაშვილის თქმით, ჩავარდნილ დოკუმენტში პირდაპირ იყო მხარდაჭერა მოძალადეების მიმართ, “როდესაც საუბრობენ რაღაც მითიურ, უსამართლოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე”.
“რეალურად ეს აბზაცი უდრის იმას, რომ ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც შარშან დეკემბერში მოხდა, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა და ამ ძალადობის გამზიარებელი არის ბრიუსელი.
სხვათა შორის, აქ კითხვა ისმის – თუკი ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს შარშან დეკემბრის ძალადობაზე, რამდენად იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობა, რომ კომპენსირება მოახდინონ იმ ზიანის, რომელიც მიადგა მაგალითად, პარლამენტის შენობას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით. ხომ არ იფიქრებდნენ, რომ რეპარაცია იყო ნახევარი მილიონი ლარისა პარლამენტის მიმართ, თუკი ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს მათ შორის, ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.