“გუშინ ტრიბუნასთან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, მათ შორის, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და სხვები” – პაპუაშვილი
“ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან. გუშინ ტრიბუნასთან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, მათ შორის, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და სხვები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტართა ნაწილის მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა.
„კიდევ ბედავენ საქართველოზე საუბარს ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში კინაღამ მოხდა არეულობა, დაპირისპირება. ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, ქალბატონ რასას ნაკლებად ადარდებს იმიტომ, რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები, რომლებსაც ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები.
ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც იყო მხარდაჭერილი ბრიუსელის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში ამზადებდნენ იმ ექსტრემისტებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, იმისთვის, რომ წასულიყვნენ ძალადობაზე, რადიკალურ ნაბიჯებზე, მიიყვანეს ამ ნაბიჯამდე, დამხობის მცდელობის პერიოდში აგულიანებდნენ გარედან.
მათ შორის, შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი პირდაპირ მხარს უჭერდა ძალადობას, რომელსაც ჩვენ იმ მომენტში ვხედავდით თბილისში, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპარლამენტარებზე და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.