პარლამენტში ინკლუზიური განათლების თემაზე კონფერენცია გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: „ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე – მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომისიის წევრმა, კონფერენციის ინიციატორმა და მოდერატორმა რიმა ბერაძემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ საქართველოში თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი წვდომა, ხარისხიან და რაც მთავარია ინკლუზიურ განათლებაზე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაერთიანებს როგორც პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, თვითმმართველობებს და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ქვეყნის ბედი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს ჩამოყალიბება იწყება თავად ბავშვების მშობლების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ჩართულობითა და პასუხისმგებლობით.

„ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა იმ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც თითოეული ბავშვის უნიკალურობას აღიარებს. მნიშვნელოვანია, რომ ადრეული და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებობდეს ის შესაძლებლობები და რესურსები, რომლებიც ბავშვების სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მუნიციპალიტეტების როლსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ.

„ინკლუზიური გარემო არ იქმნება მხოლოდ ინფრასტრუქტურით ან პროგრამებით, ის იქმნება დამოკიდებულებებითა და ურთიერთპატივისცემით. მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კოორდინირებულად ვმოქმედებთ ყველა დონეზე. ამ პროცესში მუნიციპალიტეტებს ერთ-ერთი მთავარი როლი ეკისრებათ. მადლობა თითოეულ მუნიციპალიტეტსა და იქ არსებულ ბაგა-ბაღის გაერთიანებასა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს, რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე – მიღწევები და გამოწვევები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო შშმ და სსმ ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.

კონფერენციის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით პროფესიული დიალოგის დაწყების ხელშეწყობა, როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვებში საჭიროებების დროულ გამოვლენასთან და კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთას, რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობისა და სისტემური გამოწვევების გაანალიზებას, ასევე მათი დაძლევის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებას.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები