რუსთავში დღეს საახალწლო ნაძვის ხე აინთება და საშობაო სოფელი გაიხსნება

რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე დღეს, 14 დეკემბერს 20:00საათზე აინთება და საშობაო სოფელი გაიხსნება.

გაიმართება რუსთავისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ულამაზესი საშობაო მეჯლისი, საახალწლო ზღაპრის მთავარი გმირი, წელსაც უფლისწული იქნება, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის სიმბოლოდ იქცა. ღონისძიების დასასრულს, კი დამდეგ შობა- ახალ წელს რუსთაველებს ანსამბლი ,,ქართული ხმები” მიულოცავს.

„მთელი ქალაქი ვემზადებით, იმისთვის რომ 14 დეკემბერს, რვა საათზე ერთად ავანთოთ ნაძვის ხე. ძალიან საინტერესო და ლამაზი საღამო იქნება, მათ შორის საშობაო მეჯლისი, „ქართული ხმების” კონცერტი. ასე, რომ ვიკრიბებით ყველა ქალაქის მთავარ მოედანზე “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2026 წელს, რუსთავი განსაკუთრებით მორთული შეხვდება, განსხვავებული საახალწლო დეკორაციებით გაფორმდა ნაძვის ხე და ქალაქის მთავარ მოედანთან მიმავალი კოსტავას გამზირიც.

საშობაო სოფელი 14 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით უამრავი სანახაობით, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეულით უმასპინძლებს რუსთაველებს.

20 დეკემბერს, საშობაო სოფელი სრულად ბავშვებს დაეთმობა, 21 დეკემბერს საახალწლო სცენას ზვიად ბოლქვაძე და რანინელები დაიკავებენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წინასაახალწლო კონცერტი 26 დეკემბერსაც გაიმართება, რომელშიც ჯგუფი ,, რეგიონი”, ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო” და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები შექმნიან საახალწლო განწყობას.

28 დეკემბერს რუსთავის საახალწლო სცენას რუსთაველი შემსრულებლები დაიკავებენ.

დღეს კი, 20:00 საათიდან, რუსთავის მთავარი მოედანზე მოწყობილი საშობაო სოფელი, მოულოდნელობებით სავსე ულამაზესი სანახაობით ელოდება ყველას, ვისაც საახალწლო განწყობის შექმნა და სადღესასწაულოდ მორთული რუსთავის ხილვა სურს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები