დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

„ანაკლია-განმუხურის საპროექტო-სამუშაოების ბაზრის კვლევაზე ტენდერი მიმდინარეა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დადებს პროექტს, რაც ითვალისწინებს საზღვაო კურორტის განვითარებას მრავალი მიმართულებით”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, დავით კოდუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, იგეგმება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტზე სანაპიროს ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

„სწორად მივდივართ წინ და გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაპირებთ უკვე სექტორულად განვავითაროთ ანაკლია- განმუხურის საზღვაო კურორტი, მოვიზიდოთ ტურისტები, შევქმნათ დასვენების სივრცეები, სპორტული სივრცეები, გასართობი სივრცეები და შესაბამისად, გავაჩინოთ კიდევ ერთი კარგი ტურისტული კერა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც მრავალმხრივ იქნება მომგებიანი, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. რაც თავისთავად საბიუჯეტო სახსრების მობილიზების კუთხით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის განვითარებაში” – აღნიშნა „მოამბე რეგიონების” პირდაპირ ეთერში ზუგდიდის მერმა. მისივე განცხადებით, პროცესში უშუალოდ ჩართულია პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო გუნდი.

ზუგდიდის მერი აქცენტს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებაზეც აკეთებს. მისი განცხადებით, მეტი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის ზონას.

„გვაქვს გეგმა, სადაც ჩვენ უკვე გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ჩარევებსაც განვახორციელებთ და შესაბამისად, ეს იქნება ახალი მარშრუტი, ახალი შესაძლებლობა ჩვენს ქალაქში, რომელიც მოიზიდავს უამრავ ტურისტს , როგორც უცხოელს, ასევე, ქვეყნის შიგნით ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა დავით კოდუამ.

ინტერვიუს დროს ზუგდიდის მერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – ჭაქვინჯის და რუხის ციხეებსაც შეეხო და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მადლობა კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომელმაც უკვე საპროექტო სამუშაოებზე და კვლევებზე ტენდერიც გამოაცხადა. ეს ორი ციხე არის ჩვენი ქალაქის სიამაყე, ამ მიმართულებით გვიწევს უფრო სკრუპულოზური მუშაობა, ექსპერტული ძალისხმევის გაწევა – აქ სიჩქარე არ შეიძლება. სწორად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავგეგმოთ, ვინაიდან ეს არის პროექტი, რომელმაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს და ამ მიმართულებით მრავალი სიკეთე გველოდება წინ”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები