ზელენსკი: რუსეთს სურს მთელ დონბასზე კონტროლის მოპოვება, უკრაინა ამას არ იღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება და ამჟამად ძნელი სათქმელია, როგორ მოხვდება ის დოკუმენტებში.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთს სურს მთელ დონბასზე კონტროლის მოპოვება – და უკრაინა „ამას არ იღებს“.

„ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ. ისინი განიხილავდნენ საკითხს „თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან“ დაკავშირებით. ამერიკელები ასე ეძახიან ამას, ხოლო რუსები – „დემილიტარიზებულ ზონას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის პოზიციაა, რომ სამხედროები იქ დარჩნენ, სადაც ახლა იმყოფებიან შეხების ხაზზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელები უკრაინისა და რუსეთის პოზიციებში უთანხმოებას ხედავენ და „კომპრომისს“ სთავაზობენ.

„ისინი ხედავენ ისე, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ტერიტორიიდან გადიან და კომპრომისი თითქოსდა იმაშია, რომ რუსი სამხედროები არ შედიან დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიაზე. ვინ იქნება ამ ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ისინი უკვე ეძახიან „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ ან „დემილიტარიზებულ ზონას“ – მათ არ იციან. დაახლოებით ასე გამოიყურება ახლა ამერიკის შეერთებული შტატების კომპრომისული ხედვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ შესაძლოა ასეთი წინადადება არ მიიღოს, რადგან „როდესაც კომპრომისზე გველაპარაკებით, სამართლიანი კომპრომისი უნდა შემოგვთავაზოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები