მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა
ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განიხილა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უანგარო დონაციის ხელშეწყობაზე, რაც ევროდირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისხლის პროდუქტების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
რეფორმის სრულყოფის მიზნით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც ჰემატოლოგები, სისხლის ბანკებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, თავიანთ წინადადებებსა და რეკომენდაციებს წარადგენენ.
წარმოდგენილი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, სისხლის უსაფრთხო პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები, ინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სისტემა, განისაზღვრება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ტრანსფუზიოლოგიის სექტორის ხარისხობრივ განვითარებას.