ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელი ვიქტორ ოვადე, საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ცაგარელთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები.
ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის, WIPO-სა და KIU-ს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განვითარების კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სასწავლო პროცესის ორგანიზება, სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო სტუდენტების მიღებისა და შერჩევის პროცედურები, 2026-2027 წლების სასწავლო პროგრამა, მეთოდოლოგია, სტიპენდიასთან დაკავშირებული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგიები, სხვადასხვა სტუდენტური სერვისი და, აგრეთვე, პარტნიორი ორგანიზაციების წვლილი პროგრამის მხარდაჭერაში. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს პროგრამის ოპერატიულ და სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ ძირითად ორგანოს.
ვიქტორ ოვადემ და საქპატენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო და საცხოვრებელი კამპუსები, გაეცნენ უნივერსიტეტის სამომავლო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებსა და პროგრამის განხორციელებისათვის არსებულ საგანმანათლებლო გარემოს. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც ამ პერიოდში ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს. აღნიშნული ლექციები წაიკითხეს WIPO-ს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ლექტორებმა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (École Polytechnique Fédérale de Lausanne EPFL) პროფესორმა დომენიკ ფორეიმ და ასისტენტ პროფესორმა გაეტან რასენფოსმა.
აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ შეიქმნა ჟენევაში, WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე. ეს არის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს, სადაც სწავლებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, უძღვებიან WIPO-ის აკადემიის მიერ შერჩეული, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით.
ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის პოზიციონირებას, გააძლიერებს საერთაშორისო აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორობას, ქართველ ახალგაზრდებს კი მისცემს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.