თამარ ჩიბურდანიძე: რიგითი მოქალაქეც ხვდება, რომ მართალია საქართველოს სჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპას საქართველო ბევრად მეტად სჭირდება
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მედიასთან ეხმიანება.
„როგორც კი ევროკავშირის შიგნით დაიწყება წინასაარჩევნო მზადება, ევროპულ პოლიტიკურ ველზე შეიცვლება პარტიები, კონფიგურაციები, ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს არსებობა, ახალი პოლიტიკური მოძრაობები გაჩნდება, და სწორედ ამ ფონზე უნდა ვნახოთ – როგორი იქნება ახალი ევროპა, ახალი პოლიტიკური რეალობა”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ცვლილებები გარდაუვალია, რაც საქართველოზეც აისახება. თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან რიტორიკის შერბილებას არ ელის, პირიქით, მას მოლოდინი აქვს, რომ ზეწოლა საქართველოზე გაძლიერდება.
„ევროკავშირის რიტორიკა ჩვენს მიმართ ვერ შერბილდება, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს ევროპისა და ამერიკის გეოპოლიტიკურ ველზე მიმდინარეობს. პირიქით – ველი, რომ ჩვენს მიმართ მესიჯები, ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი კიდევ უფრო გამკაცრდება. საქართველო აღარ არის უბრალოდ კავკასიის სახელმწიფო; დღეს საქართველო მათთვის [ევროკავშირისთვის] სტრატეგიული საკითხია და სწორედ ამიტომ განწყობების შერბილებას არ უნდა ველოდოთ.
უკვე რიგითი მოქალაქეც ხვდება, რომ თუ საქართველოს სჭირდება ევროპა, ევროპას საქართველო ბევრად მეტად სჭირდება. როდესაც ამას წლების განმავლობაში ვამბობდით, გვაკრიტიკებდნენ, გვეხუმრებოდნენ – როგორ შეიძლება ევროკავშირს ჩვენ უფრო ვჭირდებოდეთო, თუმცა დღეს უკვე ნათლად ხედავენ რეალურ მდგომარეობას.
ევრობიუროკრატიის, ქართული ოპოზიციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით 2026 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც ევროკავშირში დაიწყება მასშტაბური წინასაარჩევნო მზადება. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ორი წელიწადი რჩება ევროკავშირის სამომავლო არქიტექტურის განსაზღვრამდე. ხოლო იმის ფონზე, რომ ევროპაში უკვე ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ მემარჯვენეები, ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარდება.
დავაკვირდეთ ერთ დეტალს: გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ევროპარლამენტი ახლა განიხილავს, ბევრად უფრო მკაცრი წესებით არის მიღებული ამერიკის წინააღმდეგ, რათა აშშ-მ ვერ მოახდინოს გავლენა მემარჯვენე ძალების გაძლიერებაზე ევროკავშირის ტერიტორიაზე. და ეს ხდება იმიტომ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა უკვე გარდაუვალია. სწორედ ამიტომ მიდის ახლა სასტიკი პოლიტიკური ჭიდაობა.
ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ეხება. როგორც კი ევროკავშირის შიგნით დაიწყება წინასაარჩევნო მზადება, ევროპულ პოლიტიკურ ველზე შეიცვლება პარტიები, კონფიგურაციები, ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს არსებობა, ახალი პოლიტიკური მოძრაობები გაჩნდება, და სწორედ ამ ფონზე უნდა ვნახოთ – როგორი იქნება ახალი ევროპა, ახალი პოლიტიკური რეალობა.
ერთ ფაქტს ვეღარავინ უარყოფს: ამერიკა აქტიურად ჩაერთვება ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში. ევროპა ამ ზეწოლას ეწინააღმდეგება, მაგრამ გაუძლებს თუ არა – ეს უკვე ძალიან დიდი კითხვაა. ჩემი მოსაზრებაა, რომ ვერ გაუძლებენ, რადგან ამ ბიუროკრატიას ძალაუფლება საკუთარი ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ აქვს. შარშანდელი ევროპარლამენტის არჩევნებში მათი გამარჯვება ბაიდენის ადმინისტრაციის – ე.წ. „დიფ სთეითის” – მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნებოდა.
2029 წელს ევროკავშირს უწევს არჩევნები, და დღეს ის დგას გარდაუვალი ცვლილებების წინაშე. თუ მანამდე ევროპა არ დაიშალა, ამ ცვლილებების შემდეგ შესაძლოა ეს კავშირი შენარჩუნდეს, მაგრამ სრულიად სხვა ფორმით – ჯანმრთელი, განახლებული, რეალური ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა. და აი, ასეთ ევროპის წევრობა ნამდვილად გამიხარდება,”- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.