ირაკლი კობახიძე – 4-5 წელიწადში შესაძლებელია, არსებითი ცვლილებები მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნის, სახელმძღვანელოების დახვეწის, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გაურემონტებელი სკოლა აღარ დარჩეს
უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართულებით გვაქვს ორ ეტაპიანი გეგმა, პირველი ეტაპი უკვე განხორციელდება მომავალი წლის სექტემბრისთვის, შემდეგი ეტაპი დაახლოებით 4-5 წელიწადში უნდა დასრულდეს, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ამის შემდეგ მუდმივი პროცესი იქნება ხარისხის დახვეწა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე პერსპექტივაში შესაძლებელია, არსებითი ცვლილებები ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნის, სახელმძღვანელოების დახვეწის, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითაც.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში არსებითი ცვლილების მიღწევაა შესაძლებელი ორივე მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ორ ეტაპიანი გეგმა. პირველი ეტაპი უკვე განხორციელდება მომავალი წლის სექტემბრისთვის, შემდეგი ეტაპი დაახლოებით 4-5 წელიწადში უნდა დასრულდეს, ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ამის შემდეგ მუდმივი პროცესი იქნება ხარისხის დახვეწა. რესურსი არის შესაქმნელი, ერთ წელიწადში გვექნება პირველი ცვლილებები და 4-5 წელიწადში არსებითად შეიცვლება სისტემა. დაახლოებით იგივე პერსპექტივაში შესაძლებელია, არსებითი ცვლილებები მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნის, სახელმძღვანელოების დახვეწის, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითაც. მაგალითად, ახლა ვამზადებთ გეგმას, რომელიც უკავშირდება ზოგადად ინფრასტრუქტურას და მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გაურემონტებელი სკოლა აღარ დარჩეს. ამას სჭირდება წლები. ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთებაც შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს უკვე სისტემის მუდმივი დახვეწის შეუქცევადი პროცესი. პრობლემების მასშტაბი დიდია – ჯერ იყო 90-იანი წლები, რომელმაც განათლების სისტემას ძალიან მძიმე კვალი დაატყო. მაშინ გაჩნდა 100-ზე მეტი უნივერსიტეტი, სკოლებში რაც ხდებოდა, კარგად გვახსოვს. ამის შემდეგ იყო უკვე 2004-2012 წლები, სადაც კიდევ უფრო მძიმე პროცესები წავიდა. 2004 წელს დაიწყო განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევის პროცესი. ამას სჭირდება გამოსწორება და ამას სჭირდება დრო. არ არის მარტივი, მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამის გამოსასწორებლად”, – განაცხადა პრემიერმა.