კვლევა: საფრანგეთში, „კოკაინი“ ყველაზე გაყიდვადი ნარკოტიკი გახდა და „კანაფს“ გაუსწრო

სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, „კოკაინი“ 2023 წელს საფრანგეთში ყველაზე გაყიდვადი ნარკოტიკი გახდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

აღნიშნული კვლევის ავტორები ლილის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან, რომლებიც იუწყებიან, რომ საფრანგეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთო მოცულობამ 2023 წელს 6.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. „კანაფი“ და „კოკაინი“ გაყიდვების 90%-ს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, 2010 წლიდან ნარკოტიკების ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა – ფასები, მომხმარებლები, გაყიდვების მეთოდები – მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კოკაინი“ ყველაზე მომგებიანი ნარკოტიკი გახდა, რომელმაც „კანაფს“ გადაასწრო. 2023 წელს დილერებმა მისგან 3.1 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს პარადოქსულად ჟღერს: „კოკაინის“ ფასები ამჟამად ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და კვლავაც კლებას გააგრძელებს: 66 ევრო გრამზე 2023 წელს, 58 ევრო 2024 წელს. ფასების ეს კლება სამხრეთ ამერიკაში წარმოების ზრდით არის განპირობებული.

უფრო მეტიც, გაყიდვები გაცილებით დაბალია: 2023 წელს შეძენილი იქნა 397.4 ტონა „კანაფი“ და „მხოლოდ“ 47.1 ტონა „კოკაინი“.

ამასთან, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მომგებიანობის ზრდა მხოლოდ „კოკაინის“ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით შეიძლება აიხსნას: მათი რიცხვი 10 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა.

ახლანდელი „კოკაინისა“ და „კანაფის“ მომხმარებლები ძალიან განსხვავდებიან იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც აღნიშნულ ნარკოტიკებს ათი წლის წინ მოიხმარდნენ. ფასისა და სისუფთავის თანაფარდობის ცვლილებები ნიშნავს, რომ „კოკაინი“ სულ უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება.

ნარკოტიკებთან ბრძოლის საფრანგეთის უწყებათაშორისი კომისიის ცნობით, ათი წლის წინ „კოკაინი“ პარიზის ფარგლებს გარეთ თითქმის არასდროს მოიპოვებოდა; თუმცა, დღეს მას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხმარენ როგორც მუშები, ასევე ოფისის თანამშრომლები; სულ უფრო ხშირად, ამ მომხმარებლებს შორის არიან სოციალურად ჩამოყალიბებული პირები, თუნდაც ბავშვიანი წყვილები.

შეიცვალა „კანაფის“ მომხმარებელთა პროფილიც. ის ახალგაზრდებში ისეთი პოპულარული აღარ არის. თუმცა, მეორე მხრივ, მარიხუანა სულ უფრო მეტად იზიდავს „რეგულარულ მომხმარებლებს“, რომლებიც მას თითქმის ყოველდღე მოიხმარენ.

გარდა ამისა, იზრდება სხვა ფსიქოაქტიური ნარკოტიკების ბაზარიც. 2010 წლიდან 2023 წლამდე ექსტაზის/MDMA-ს ბაზარი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა: 2010 წელს 11.3 მილიონი ტაბლეტიდან 2023 წელს 65.6 მილიონამდე.

ეს სწრაფი ზრდა, დიდწილად, ტექნოლოგიური მიღწევებით არის განპირობებული: გაიზარდა ნივთიერებების მოყვანისა და გადამუშავების პროდუქტიულობა და ნარკოდილერები კლიენტებთან კომუნიკაციისთვის ფართოდ იყენებენ მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები