საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, აჰმედ ალნუაიმის მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიპლომატმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ორმხრივი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ვაჭრობის ხელშეწყობასა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.

„დღეს საქართველო გაერთიანებული საამიროებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს საქართველოს თავისი ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაში. ჩვენი ჩართულობა შუა დერეფანში, ხაზს კიდევ უფრო უსვამს ჩვენს შეხედულებას საქართველოს როლზე“, – განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.

მისი შეფასებით, საქართველოში გაერთიანებული საამიროების ინვესტიციები წარმოადგენს კიდევ ერთ ძალიან კარგ მაგალითს, რომელიც საკუთარი ქვეყნის გრძელვადიან ხედვას გამოხატავს.

ელჩის თქმით, ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, არსებობს უფრო მეტი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.

​მისი განცხადებით, გაერთიანებული საამიროები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ექსპორტის განსავითარებლად და კერძო სექტორთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

დიპლომატმა ტრანსპორტის და ურთიერთდაკავშირებადობის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

ყურადღება გაამახვილა მდგრადი და განახლებადი ენერგიების განვითარების შესაძლებლობებზე.

განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ.

მან ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე.

„გაერთიანებული საამიროების და საქართველოს პარტნიორობა ერთნაირ ღირებულებებს და მომავლის მსგავს ხედვას ეფუძნება. მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი მუდმივი ძალისხმევისთვის, რომ გაძლიერდეს ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის. ჩვენ გაზიარებული გვაქვს ვალდებულება, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ საკმაოდ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასევე განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების აუცილებლობაზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა და საკუთარი ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ, საჯაროდ უკვე პარლამენტში გამართულ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოხატა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები