საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი და კომიტეტების წევრები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

მხარეებმა ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი და მშვიდობიანი გარემოს შექმნას.

ქართულმა მხარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე.

სომეხმა კოლეგებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ასევე, ყურადღება გაამახვილეს სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ სიახლეებზე. როგორც მათ აღნიშნეს, ცოტა ხნის წინ სომხეთს ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა და ხელი მოეწერა ევროკავშირთან სტრატეგიულ ურთიერთობებს.

„სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების რიგით მესამე, ყოველწლიური ერთობლივი სხდომა ჩავატარეთ. ერთმანეთს ვუზიარებთ იმ სიახლეებს, რომლებიც ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხდება. სომეხ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. საუბარი გვქონდა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებმაც ეს წინსვლა გამოიწვია. საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა გაზრდილია. მუდმივად თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია, საქართველო და სომხეთი საერთაშორისო საკითხებზე ერთიანი პოზიციით წარსდგნენ, რადგან ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პირველ მოადგილესთან, ირაკლი შატაკიშვილთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

ერთობლივ სხდომას სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები