თსუ-ს დოქტორანტებსა და ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს ახალი შესაძლებლობა ეძლევა – ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან პარტნიორობით შექმნილი პროექტის ფარგლებში ისინი აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში კვლევით უნარებს გაიძლიერებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს ახალი შესაძლებლობა ეძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით შექმნილი პროექტის ფარგლებში ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაიძლიერებენ კვლევით უნარებს, აკადემიური წერის შესაძლებლობებსა და ჩაერთვებიან პროფესიულ ქსელებში.
„თსუ-სა და ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ დოქტორანტები და ახალგაზრდა პროფესორები ბიოლოგიის, ბიზნესის/მენეჯმენტის, ქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, ელექტრონული ინჟინერიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, სოციალური ფსიქოლოგიისა და წყლის მეცნიერებების მიმართულებებიდან.
კონკურსში გამარჯვებულები 2026 წლის ივნისში გაემგზავრებიან 8-კვირიან პროგრამაზე დალასის უნივერსიტეტში. პროგრამა დაიწყება ინგლისური ენის ინტენსიური კურსით, რასაც მოჰყვება აკადემიური და საგრანტო პროექტების წერის, დისერტაციის მომზადებისა და პრეზენტაციის უნარების მოდულები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.