“უკრაინის სასარგებლოდ რეზოლუციებზე მიერთება ნიშნავს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიერთებას; სადაც მხარდაჭერა საჭირო იყო უკრაინისთვის, ყველგან მათ გვერდით ვიყავით” – შარმანაშვილი
„უკრაინის სასარგებლოდ რეზოლუციებზე მიერთება ნიშნავს აგრესორი ქვეყნის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მიერთებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
ის ეუთოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.
“ჩვენ ამას არ მოვერიდეთ და სადაც ასეთი მხარდაჭერა საჭირო იყო უკრაინისთვის, ყველგან მათ გვერდით ვიყავით. იყო ისეთი რეზოლუციები, რომლებიც საქართველოსთვის დიდ რისკს წარმოადგენდა. ასეთ პირობებში, როდესაც ოფიციალურ დოკუმენტში დააფიქსირებ, რომ თითქოს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს [უკრაინას] ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: რაც არ უნდა გავაკეთოთ და რა ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, მაინც ასე იტყვიან. მთავარი უარყოფითი მხარე ევრობიუროკრატიის მოქმედებებისა არის ის, რომ ისინი მიდიან აბსოლუტურ ტყუილზე“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები დაგმო.