დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები: ამ ზამთარში, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე გრიპის “აფეთქება” მოხდეს

დიდ ბრიტანეთში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ წლის ამ დროისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის გამოც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქვეყანა უპრეცედენტო გრიპის სეზონის წინაშე დგას,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე გრიპის აფეთქებამ უკვე დიდი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს.

გრიპის გამო საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ კვირასთან შედარებით 56 პროცენტით გაიზარდა, ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ სეზონის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც BBC წერს, წელს გრიპის სეზონი ჩვეულებრივზე ერთი თვით ადრე დაიწყო, ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, ვირუსის უფრო მძიმე შტამი ცირკულირებს.

ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას ურჩევენ, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, დროულად გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და შეამცირონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებდი ყოფნის დრო. დამატებით, ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაცია რჩება მთავარი საშუალება, რომ შეამციროს გრიპით გამოწვეული გართულებების რისკი და თავიდან აიცილოს ეპიდემიის მასშტაბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები