გაერო 2026 წლისთვის ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ით შემცირებას გეგმავს. გადაწყვეტილება დონორების მხრიდან დაფინანსების მკვეთრი კლების ფონზე მიიღეს,- ინფორმაციას საერთაშორისო მედია გაერო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი ჰუმანიტარული დაფინანსების მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში დახმარებაზე მოთხოვნა იკლებს.
მისივე თქმით, რესურსების სიმცირის გამო გაერო იძულებული გახდება დახმარება მხოლოდ ყველაზე კრიტიკულ და სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებზე გადაანაწილოს, რაც მილიონობით ადამიანის საჭიროებას სრულად ვერ დაფარავს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შემცირებამ, შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონიოს კონფლიქტებით, შიმშილითა და იძულებითი გადაადგილებით დაზარალებულ რეგიონებზე, მათ შორის აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
გაერო-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის კვლავ მიმართავენ.
ცნობისთვის, ნოემბრის მონაცემებით, ორგანიზაციამ ჯერჯერობით, მხოლოდ 12 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და საჭიროებების მხოლოდ მეოთხედზე მეტს ფარავს.