საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ევროპის საავიაციო კრიზისების საკოორდინაციო ცენტრის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ევროპის საავიაციო კრიზისების საკოორდინაციო ცენტრის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საავიაციო სფეროში კრიზისების მართვასა და კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის რეგიონში ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჰაერო მიმოსვლის უწყვეტობისაკენ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს, ასევე გლობალურ გამოწვევებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ საჰაერო სივრცის და სხვადასხვა სააერნაოსნო მომსახურების დროებით შეზღუდვა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა განაცხადა, კრიზისების დროული გამოვლენა, ჩართული მხარეების ინფორმირება, კოორდინაცია, ეფექტური რეაგირება და შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანია ავიაციის ფუნქციონირებისთვის, ოპერირების და ბიზნეს პროცესების უწყვეტობისთვის.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ უწყებებთან და ავიასაწარმოებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ კრიზისის დროს მოქმედების გეგმა, კოორდინაციის ასპექტები და კრიზისების შემარბილებელი ზომები“ – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, EUROCONTROL-ის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ „საქაერონავიგაციის“ საქმიანობას, მის ინფრასტრუქტურას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებსა და პრაქტიკას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, „საქაერონავიგაციის“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ და „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენლებმა.