პაპუაშვილი – ფარუქ ჩელიქთან შეხვედრაზე: აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა
“თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფარუქ ჩელიქსა და ჯგუფის წევრებს შევხვდი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის მტკიცე მეგობრობას გაესვა ხაზი.
“სამძიმარი გამოვხატე საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ფარუქ ჩელიქმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის ღირებულ ჩართულობასა და დიდ მხარდაჭერას, რითაც, მისი თქმით, საქართველომ ნამდვილი მეგობრობა დაადასტურა.
აღვნიშნეთ, 2025 წლის განმავლობაში, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა. გავიხსენე ივნისში თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, რომელმაც ახალი იმპულსი მისცა საპარლამენტო ურთიერთობებს.
ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის მტკიცე კავშირებზე.
აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
მადლიერება გამოვხატე თურქული მხარის მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის”, – წერს პაპუაშვილი.