ალუდა ღუდუშაური: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვის ვადით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
„საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ორგანიზაციას 6 თვის ვადით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე არსებული პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით.
„მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყნის მამოძრავებელი ორი მთავარი ძალაა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ინტერესებისთვის, რომელიც მშვიდობასა და ეკონომიკურ წინსვლაზე გადის. ეკონომიკურ წინსვლას შეუძლია, უკეთესი მომავალი შექმნას. საქართველო ამ შესაძლებლობას ღირსეულად და ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ გამოიყენებს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.