ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ მედიას, თუმცა თავისუფალ მედიად ვერ ჩაითვლება ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდო-ღირებულებები და საინფორმაციო ტერორიზმი, რაც ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა
მაშინ როდესაც, რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა და აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან და რომ აბსოლუტურად განულებულია რადიკალური ოპოზიცია ხალხში, ჩრდილოვანმა მმართველებმა პოლიტიკური ავანსცენიდან რიგ–რიგობით ჩამოხსნილი იაფფასიანი აგენტოკრატები ახალი, კარგად ორგანიზებული მედია-სინდიკატით ჩაანაცვლეს – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, აღარ შეიძლება თავისუფალ ინსტიტუტად მივიჩნიოთ, როცა მცირე ჯგუფი იღებს კოლოსალურ ფინანსურ რესურსს და მას მიმართავს არა ჟურნალისტიკაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაში. მისი თქმით, ეს უკვე ჩრდილოვანი მართვის სინდიკატია.
მისივე განცხადებით, „ახალი პოლიტიკური გზამკვლევი უნდა გავუკეთოთ ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოს, ფონდსა და საერთაშორისო აქტორს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოზე მიიღება ამ დარბაზში, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ პარლამენტში და არა, კაპიტოლიუმში, კრემლსა თუ ბრიუსელის ბნელ კორიდორებში.“
„ორი დღის წინ, საზოგადოებამ იხილა, უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერვენცია , მედია-სინდიკატის საშუალებით. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოში. ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა, 22 მედიასაშუალება დააფინანსეს 17.5 მილიონი ლარით, რომელიც პირდაპირი ექსტრემიზმის ინვესტირებაა ქართულ პოლიტიკაში. საქართველოში არასოდეს დაფინანსებულა მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ქსელი, რომლის მთავარი მიზანი არის მუდმივი კრიზისის, დაძაბულობისა და რეალობის დამახინჯების შექმნა.ეს არის კოლოსალური რესურსი, რომელიც ქმნის „ფინანსურ მონოპოლიას“ პოლიტიკური ნარატივების წარმოებაში. ერთიანი მესიჯბოქსითა და კოორდინირებული კადრებით ქმნიან ხელოვნურ პროტესტს, თითქოს ქვეყანაშიც მუდმივი აფეთქებაა. ეს არის გრძელვადიანი ზეწოლის ტექნოლოგია, სადაც მედიას იყენებენ არა როგორც თავისუფალ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს.
და რატომ? იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი პროტესტი, მისი მუდმივი შენარჩუნება და სახელმწიფოს დელეგიტიმაციის მცდელობა მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტია გავლენის შესანარჩუნებლად.
როდესაც ერთი მცირე ჯგუფი იღებს კოლოსალურ ფინანსურ რესურსს და ამ რესურსს მიმართავს არა ჟურნალისტიკაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ეს უკვე აღარ არის მედია. ეს ჩრდილოვანი მართვის სინდიკატია. საქართველო დღეს უძლებს ისეთ წნეხს, რომელსაც თავის დროზე ევროპის ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო და ზოგან საარჩევნო მანიპულაციებით უმცირესობა დაასვეს თავზე უმრავლესობას და ზოგან პირდაპირ, ჩატარებული არჩევნები გააუქმებინეს ადგილობრივ სასამართლოს. ჩვენ არ ვზღუდავთ თავისუფალ მედიას – თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდო ღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი, ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა. ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა, ქართული საზოგადოების და სუვერენიტეტის დაცვაა, რომელიც აქ მყოფი თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ალბათ, ახალი პოლიტიკური გზამკვლევი უნდა გავუკეთოთ ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოს, ფონდსა და საერთაშორისო აქტორს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოზე მიიღება ამ დარბაზში, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ პარლამენტში და არა, კაპიტოლიუმში, კრემლსა თუ ბრიუსელის ბნელ კორიდორებში.“ – განაცხადა ქადაგიძემ.