“ნატო-ს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია, როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა” – შარმანაშვილი
“ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების განაცხადი “ქაღალდით, ფაქსის ან SMS-ის გაგზავნით კი არ აქვს გაკეთებული, სისხლით აქვს გაკეთებული”.
“ნატო-ს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია და ფორმალურად მონაწილეობდნენ ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში, მაშინ, როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა და საკმაოდ დიდი მსხვერპლი გვაქვს. საკმაოდ დიდი კონტინგენტი გვყავდა. ისინი შტაბში არ ისხდნენ, წინა ხაზზე იყვნენ თავის ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მარკ რუტეს განცხადებას ვუპასუხებდი, რომ განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ძალიან უსამართლო საქციელი იქნება. ჩვენი საქმიანობის შედეგად მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში, მათ ძალისხმევას ნატო-ს ხელმძღვანელობა ყრის წყალში. უმადურია, დიახ. არასამართლიანად რომ გვექცევიან, ახალია თქვენთვის?“, – განაცხადა შარმანაშვილმა.