ტერენტი გრანელის დაბადების დღე და „გულიდან სისხლის წვეთები“

1897 წლის 25 ნოემბერს ტერენტი გრანელი დაიბადა.

მარადისობის ლაჟვარდები

მდუმარება მთელ სამყაროს იცავს,
სადღაც კენტად ჩაიარა ვაჟმა.
მე ოცნებით მოვშორდები მიწას,
გული იგრძნობს მარადიულ ლაჟვარდს.
მე, ძვირფასო, უფრო გული მტკივა,
ისევ მინდა ჩავიარო დაბლა.
ქარი არ ქრის, ფიქრიანი ვზივარ,
ლოდი ადევს მივიწყებულ საფლავს.
თეთრი დღეა და ბაღია იქით,
არის გული და ოცნება წმინდა.
დავიღალე შორეული ფიქრით
და ძვირფასო, დასვენება მინდა.
მდუმარება მთელ სამყაროს იცავს,
სადღაც კენტად ჩაიარა ვაჟმა.
მე ოცნებით მოვშორდები მიწას,
გული იგრძნობს მარადიულ ლაჟვარდს.

* * *

MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი − ეს Memento mori-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა − მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები − სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო − ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი − პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი − ეს MEMENTO MORI-ა.

* * *

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევე ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
მე მეშინია…
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული…
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები