თვითმკვლელობამდე თაკო ყურშავიშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა

თაკო ყურშავიშვილი თვითმკვლელობამდე სახლში მარტო იმყოფებოდა. ამის შესახებ „კვირას“ 63-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა მონიავამ განუცხადა.
„როგორც შევიტყვე, თაკო სახლში მარტო იყო. ნიკუშა დილით სკოლაში წამოვიდა, დედა კი საქმეზე იყო გასული. მამა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, მგონი სამხედრო პოლიციელია. რა პრობლემა უნდა ჰქონოდა თაკოს, წარმოდგენა არ მაქვს“, – განუცხადა „კვირას“ 63-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა მონიავამ.
მონიავას თქმით, გარდაცვლილის ძმამ ტრაგედიის შესახებ სკოლაში, გაკვეთილზე შეიტყო. მისივე განცხადებით, ნიკუშა ყურშავიშვილი სახლში მასწავლებლებთან ერთად დაბრუნდა.
„თაკო და ნიკუშა 63-ე სკოლაში სწავლობდნენ. თაკო მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა და ამიტომ ჩვენი სკოლა გასულ წელს, მე-11 კლასის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ დატოვა და მე-20 სკოლაში გადავიდა. ნიკუშა კი დღემდე ჩვენთან სწავლობს. ორივე ბავშვი ძალიან კარგად სწავლობდა. თაკო ყველასგან გამორჩეული იყო. მოწესრიგებული ბავშვი იყო, რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს“, – განუცხადა „კვირას“ 63-ე საჯარო სკოლის დირექტორმა. მისი თქმით, ამ წუთებში თაკო ყურშავიშვილის მეგობრები და ახლობლები ორხევის დასახლებაში, გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ბინაში არავის უშვებენ. „კვირა“ მე-20 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ბალიაშვილსაც დაუკავშირდა. როგორც დირექტორმმა აღნიშნა, მან თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კლასის დამრიგებლისგან შეიტყო.
„მე-12 კლასის დამრიგებელი ტირილით შემოვიდა და მითხრა, თაკომ იარაღით თავი მოიკლაო“, – ამბობს ნინო ბალიაშვილი. მისი თქმით, თაკო ყურშავიშვილი ჭკვიანი და ბეჯითი მოსწავლე იყო.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” კურსდამთავრებულის თაკო ყურშავიშვილის ცხედარი ორხევის დასახლებაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები