პაპუაშვილი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრაზე: აღვნიშნე, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ერთგულ წევრად
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩს შევხვდი, მივესალმე თანამომხსენებლებთან შეხვედრის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აღვნიშნე, რომ ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნებით, საქართველოში დაიხურა მორიგი საარჩევნო ციკლი და მომავალი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის, მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე.
განვაცხადე, რომ კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, რამაც პასე-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.
აღვნიშნე, რომ ადგილობრივი არჩევნები იმავე პირობებში ჩატარდა, როგორც საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ შეწყვიტა ბოიკოტი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ეს ფაქტიც, არაპირდაპირ, ადასტურებს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.
ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. აღვნიშნე, რომ კანონებს, რომელთა თაობაზე კრიტიკული განცხადებები კეთდება, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ამიტომ, პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დავადასტურე, რომ მუშაობა გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხი.
აღვნიშნე, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ერთგულ წევრად. ხაზი გავუსვი ასამბლეის მხრიდან სუვერენიტეტის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას”, – წერს პაპუაშვილი.