“კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ” – მაჭავარიანი
“კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი – ოლივიე კურტო 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეხვდა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მოგეხსენებათ, ეს საფრანგეთის ახალი ელჩია და თავს შევიკავებთ კომენტარების გაკეთებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ის ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან. საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო. რა ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ოპოზიციის და „ენჯეოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ბინაში მოხდა, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა, მოდით, დაველოდოთ საელჩოს განცხადებას. საინტერესო იქნება, რა კომენტარს გააკეთებს უშუალოდ ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.