“ტანზანიის პოლიციამ, არჩევნებში ძალადობის შემდეგ, ცხედრები გადაყარა- ქვეყნის ოპოზიცია
ტანზანიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიცია ასობით დემონსტრანტის ცხედრის განადგურებაში დაადანაშაულა, რომლებიც სადავო არჩევნების შემდეგ დაიღუპნენ,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.
არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. არჩევნების დროს და მის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, რადგან დემონსტრანტებმა აღშფოთება გამოთქვეს ჰასანის მთავარი კონკურენტების გარიცხვის გამო.
ხელისუფლებამ კომენდანტის საათი და ინტერნეტის გათიშვა დააწესა, ხოლო უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებთან შეტაკებებს აწარმოებდნენ.
ოპოზიციურ პარტიას „ჩადემას“ გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მისი ლიდერი ტუნდუ ლისუ ღალატის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰასანის მთავრობამ ის 29 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
ჩადემამ CNN-ს განუცხადა, რომ მან 2000 გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა და პოლიცია ასობით უცნობი ცხედრის გაურკვეველ ადგილას გადაყრაში დაადანაშაულა.
მთავრობამ ადრე ოპოზიციის მიერ დაღუპულთა რიცხვი „უკიდურესად გაზვიადებულად“ შეაფასა. თუმცა, აფრიკის კავშირმა და კანადის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შეშფოთება გამოთქვეს დაღუპულთა მაღალი რაოდენობის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით.
როგორც “სიენენი” წერს, ქვეყნის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, ჰასანმა, ფიცი მეორედ დადო, რომელშიც ის, პრაქტიკულად უკონკურენტო იყო და რომელიც, რეგიონალური დამკვირვებლების თქმით, „არ აკმაყოფილებდა“ დემოკრატიულ მოთხოვნებს.
ინაუგურაციისადმი მიძღვნილ სიტყვაში მან აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ადამიანები დაიღუპნენ, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებია.