უკრაინულმა დრონებმა ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობქარხანაზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივი წყაროებისა და რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქ კსტოვოს რაიონში დაფიქსირდა, სადაც „ლუკოილის“ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო აპარატების ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა თავდასხმის შედეგად ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა.
ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებისა და თბოელექტროსადგურის ნაწილი დაზიანდა.
უკრაინულ მხარეს ოფიციალური დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა, მედიის თანახმად, ბოლო პერიოდში კიევმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევები მნიშვნელოვნად გააძლიერა.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის იერიშების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს სწორედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის სატუმბი სადგურები წარმოადგენს.