შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა 

“ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ჩინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც.

კერძოდ, გაზრდილია ვაჭრობა ქვეყნებს შორის, გაზრდილია ტურიზმი ქვეყნებს შორის, გაზრდილია პირდაპირი ფრენები ქვეყნებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკონომიკურად, ასევე, ისარგებლოს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც.

ამ ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს კოლეგას, ასევე, გვქონოდა შეხვედრები იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე და გვესაუბრა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ასევე, გვესაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევის მხრივ. ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები