ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ახალი კომპლექსი გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
მრავალფუნქციურ კომპლექსში, პროექტის მიხედვით განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის საჭირო დარბაზები, სავარჯიშო სივრცეები და სხვა საჭირო დამხმარე ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, და კომერციული სივრცე.
ასევე, მოეწყობა თანამედროვე ავტოსადგომი, უსაფრთხოებისა და განათების სისტემები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას.