ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ხორციელდება, მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ კვალითში ცენტრალურ და საუბნო გზებს. სოფელ კვალითის ცენტრალური გზის კეთილმოწყობა 583 377 ლარით არის დაფინანსებული, ხოლო საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 118 608 ლარი გამოიყო.
ღამბაშიძის თქმით, ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტს წარმოადგენს.
“სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოფელ კვალითში, ამ მიმართულებით არაერთი საგზაო ინფასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. რეაბილიტირებული გზებით ადგილობრივები შიდა საუბნო, ასევე ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდებიან”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.