შალვა პაპუაშვილი: რომ მოგვესმინა ბრიტანეთის ელჩისთვის, ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან
“რომ მოგვესმინა ბრიტანეთის ელჩისთვის, ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები.
„საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს: სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. როცა ამაზე ეუბნებოდნენ რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, ამბობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. აი, ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ ზეწოლა უნდა მოგვეხდინა ბიზნესზე, რომ ბიზნესს არ ევაჭრა ისე, როგორც მას სურდა.
ასევე, მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოვა ეს ნავთობპროდუქტები, გამოვა, რომ ბიზნესმა ნავთობპროდუქტები სხვა ბაზარზე უნდა მოიძიოს, რაც საქართველოში გააძვირებს ბენზინს, ბენზინის გაძვირება გააძვირებს პურს, ეს კი გააძვირებს სხვა რამეს და საბოლოო ჯამში გაძვირდება ცხოვრება. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ „რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონ“. ეს არის ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვების ციტატა.
და აი, დღეს ვიგებთ, რომ თურმე თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები და რასაც ამბობდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოს, მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ტანკებისთვის უნდა მისცენ ფული.
რა არის ამ ისტორიის მორალი? ამ ისტორიის მორალი არის ის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, ხოლო რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს, კორექტულად რომ ვთქვათ, ბრიტანეთის ელჩს ნაკლებად აღელვებს.
ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, დღეს ამ ესკალაციის შედეგად ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი [რუსეთი] იტყოდნენ, რომ „ემბარგოს დავადებთ, დავასანქცირებთ ქართულ ღვინოს და არ შევიტანთ“.
ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, ახლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს დანგრეული ეკონომიკის ხალხი ამ ნიუსს წავიკითხავდით, რომ ბრიტანეთი უცებ ადგა და სანქციები მოუხსნა რუსეთს.
აი, ასეთი ამორალურია სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა. ეს უნდა გააცნობიერონ იმათ, რომლებიც გამოდიან და პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშებს აფრიალებენ. დაფიქრდნენ, სანამ სხვა ქვეყნის დროშებს ააფრიალებენ, შეიძლება, იმ ქვეყნების ელჩები და ხელისუფლებები მთლად ზედგადაყოლილი არ არიან თუნდაც, იმ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშას აფრიალებდა. ასე რომ, ეს არის მორალი – ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც სხვა ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.