“სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველო სათანადოდ იყო წარმოჩენილი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაზე” – ბოჭორიშვილი

“სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველო სათანადოდ იყო წარმოჩენილი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ქართული სიმღერა, ქართული პოლიფონია, ქართული ღვინის დაყენების ტრადიციები – საკმაოდ კარგად იყო წარმოჩენილი სამარყანდში ჩატარებული იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ რომ იუნესკო-ს ფარგლებში შესაძლოა, იყოს ჩვენი თანამშრომლობის და მუშაობის ფოკუსში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა მიმართული იყოს მსოფლიოში მშვიდობის და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. ეს ჩვენთვის აქტუალურია და რა თქმა უნდა, როდესაც იუნესკო-ზეა საუბარი, მთავარი მიმართულებები, რომლითაც უნდა წარიმართოს ჩვენი მუშაობა ამ ორგანიზაციაში, შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განათლებას.

საერთაშორისო შეკრებები ყოველთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა, რათა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს შეხვედრები. მქონდა შეხვედრა არაერთ ჩემს კოლეგასთან მეზობელი ქვეყნებიდან, მეგობარი ქვეყნებიდან. შევხვდი უნგრეთის, აზერბაიჯანის, რა თქმა უნდა, მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე – რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ეს ფორმატი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კიდევ ერთხელ სასაუბროდ და სამომავლო გეგმების დასაგეგმად ჩვენს კოლეგებთან, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს საქართველოს თანამშრომლობა მათთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები