შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ვლადიმერ ხუნდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთ ფაზაშია, რომ 3 ნოემბერს ოპერაცია უნდა გაიკეთოს, შესაბამისად, ადვოკატი ფიქრობს, რომ ბრალდებული მასთან კომუნიკაციას, სავარაუდოდ, ჯერ ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.