მამუკა რეხვიაშვილი: თითოეული რუსთაველი ძალიან მალე დაინახავს რამდენ სიკეთეს მოუტანს ქალაქს მხოლოდ საქმეზე და განვითარებაზე ორიენტირებული თვითმმართველობა – მერია და საკრებულო ერთად

რუსთავში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მე-7 მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციური იყო, ახალი წარმომადგენლობითი ორგანოს 25 დეპუტატიდან, 21 ,,ქართული ოცნების” წევრია, ოპოზიცია კი 4 დეპუტატით: „გირჩის”, “ლელოს”, “გახარია საქართველოსთვის” და “კონსერვატორები საქართველოსთვის” თითო-თითო დეპუტატითაა წარმოდგენილი.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და ორი მოადგილე აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იქნა დასახელებული. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი მამუკა რეხვიაშვილი აირჩიეს, პირველ მოადგილედ კი ასევე ,,ქართული ოცნების” წევრი მარინა ლიპარტელიანი და მოადგილედ – მიხეილ მუზაშვილი. ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს ,, ლელოს” და ,, კონსერვატორები საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა.

,,უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს თანაქალაქელებს, ჩვენი ქვეყნის და ქალაქის განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის. ,,ქართული ოცნების” გუნდს, რომელმაც ყველას ერთად მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მშობლიური ქალაქის განვითარებაში. მადლობას ვუხდი ,,ქართული ოცნების” რუსთავის გუნდს, ჩემს კოლეგებს იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ. მიუხედავად იმ ხელის შეშლისა, რაც წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობის მხრიდან გვქონდა, შევძელით, რომ ჩვენი ქალაქის ახალი განვითარების უპრეცედენტო დინამიკისთვის მიგვეღწია. ამ განვითარებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავხადოთ რუსთავი კიდევ უფრო განვითარებული ქალაქი, როგორ უნდა იმუშაოს მერიამ და საკრებულომ ერთად, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ არ გვქონია არცერთი დაპირება, გვქონდა გეგმა, რომელსაც თანაქალაქელებს ვაცნობდით. თითოეული რუსთაველი ძალიან მალე დაინახავს რამდენ სიკეთეს მოუტანს ქალაქს მხოლოდ საქმეზე და განვითარებაზე ორიენტირებული თვითმმართველობა – მერია და საკრებულო ერთად “, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

დეპუტატებმა დღესვე 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს და ორი ფრაქციის დაფუძნება მიიღეს ცნობად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები