ბექა ვაჭარაძე: ვულოცავ მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ალექსანდრე ტყებუჩავას, რომელსაც საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მაღალი ნდობა გამოუცხადა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

,,ვულოცავ მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ალექსანდრე ტყებუჩავას, რომელსაც საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მაღალი ნდობა გამოუცხადა. ეს ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი კარგი პრეცედენტია. ასევე, ვულოცავ საკრებულოს ყველა წევრს პირველი სხდომის წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ახალი მოწვევის საკრებულო ისეთივე ეფექტიანი და სანიმუშო იქნება, როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად დავიწყებთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც ფოთის განვითარების ახალ ეტაპს განსაზღვრავს.

ეს ეტაპი იქნება კიდევ უფრო მასშტაბური და წარმატებული – მერიის გუნდის, საკრებულოს თითოეული წევრის, ჩვენი დელეგატის გიორგი ხახუბიას, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდისა და რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, რომელიც განსაკუთრებულად დიდია ჩვენი ქალაქის მიმართ. პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ფოთელებს სწორად გაკეთებული არჩევანისთვის. საკრებულოში „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოდგენილია სრული უმრავლესობით, რაც ნათლად ასახავს ჩვენი მოქალაქეების ნდობასა და მხარდაჭერას.

ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად ზრუნვას იმ კეთილდღეობაზე, რომელსაც ერთად ვქმნიდით გასული ოთხი წლის განმავლობაში“ – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები