საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პირველ ვიცე-პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პირველ ვიცე-პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციისა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს საგაზაფხულო სესიას, რომელსაც 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს.
მხარეებმა ისაუბრეს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საერთაშორისო კავშირის საქმიანობის პრიორიტეტებზე, სამართლებრივი და დიგიტალიზაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია 2026 წლის 7-9 მაისს თბილისში გაიმართება. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.