„ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს, სასამართლო ემსახურება ქართველ ხალხს,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციები იმართება, ევროკავშირის მოსამართლეები მუდმივად გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი მთავრობები გვაწუხებენ და პრობლემებს გვიქმნიან, გარკვეულ ზეწოლას ახდენენ. ამიტომ სჯობია, რომ თავიანთ სასამართლოს მიხედონ.
„ზოგადად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების განცხადებები უცხო სახელმწიფოების სანქციებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და ამორალური. თუმცა, ამას მშვიდად უყურებს სასამართლო სისტემა. სასამართლო ეს არის ხელისუფლება, ის ემსახურება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, ქვეყნების წარმომადგენლების ამორალური, შეუსაბამო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენ ერთადერთი პასუხისმგებლობა ვის წინაშეც გვაქვს, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ვცდილობთ, რომ ვიყოთ კანონის და მართლმსაჯულების სამსახურში. იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებზე საუბრობენ, ვურჩევდი, რომ თავიანთ სასამართლო სისტემას მიხედონ. როდესაც მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციები იმართება, ევროკავშირის მოსამართლეები მუდმივად გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი მთავრობები გვაწუხებენ და პრობლემებს გვიქმნიან, გარკვეულ ზეწოლას ახდენენ. ამიტომ სჯობია, რომ თავიანთ სასამართლოს მიხედონ. ჩვენთან საპარლამენტო ხელისუფლებამ გააკეთა ისე, რომ მოსამართლეებს მისცა მეტი კვოტა იუსტიციის საბჭოში, რათა მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით აირჩიონ ის კანდიდატები, ვინც მათთვის არის მისაღები. ეს კიდევ იცავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ახლა რომ შევადაროთ უცხო სახელმწიფოებს, რომლებიც სანქციებს გვაკისრებენ, იქ აღმასრულებელი ხელისუფლებაც ერევა სასამართლო საქმიანობაში. ამიტომ, მე ვურჩევდი მათ, რომ თავი დაანებონ სხვა ქვეყანაში სანქციების დაწესებას და მიხედონ თავიანთ მართლმსაჯულების სისტემას“, – განაცხადა მურუსიძემ.