სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ო.ქ. და 2000 წელს დაბადებული ს.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს,”- წერია ინფორმაციაში.