პოლიციამ აჭარაში მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ დოლარს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.