ზურაბ აბაშიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძის ანგარიში მოიცავს მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრის, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის და მთაწმინდის მაჟორიტარის საქმიანობას.
“პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ რამდენიმე კვირის წინ. ეს გამარჯვება გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმიანობა და პროექტები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით. ჩვენ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშავებთ ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან, ასრულებს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლება-მოვალეობებს, აქტიურად ესწრება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სხდომებს და სამუშაო შეხვედრებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლება, აღდგენა, ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ბოლო პერიოდში თბილისის მერიასთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგეთ ურბანული პოლიტიკის და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ტაქსების რეფორმა, ამოქმედდა საათობრივი პარკირება. დედაქალაქში შეიქმნა ბევრი ახალი სარეკრეაციო სივრცე. 2025 წელს, თბილისში განხორციელდა და ასევე დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა მთაწმინდის სამაჟორიტარო ოლქში გაწეულ საქმიანობაზე. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყოფითი პირობების, საჭიროებების, ინიციატივების გაცნობის და დედაქალაქისთვის პრიორიტეტულ თემებზე რეაგირების მიზნით, ის მოსახლეობას აქტიურად ხვდებოდა. აღსანიშნავია კორესპონდენცია და დოკუმენტბრუნვა, როგორც შიდა სტრუქტურულ თემებზე, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსულ საკითხებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე. კანონით განსაზღვრულ ვადებში, აღნიშნულ განცხადებებზე, შემდგომი რეაგირებისთვის მომზადდა შესაბამისი შუამდგომლობები და რეკომენდაციები.
ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობდა. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, გამგეობებთან, სამინისტროებთან, მათი საქმიანობის სფეროს საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევის და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების მიზნით. ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან, რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის რანგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. მისი ინფორმაციით, ევროპული სტანდარტებით თვითმმართველობის შემდგომი განვითარების მიზნით, თბილისის საკრებულოს დელეგაცია მუდმივად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში თბილისის საკრებულოს დელეგაციის მუშაობის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში გამართულ კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე პლენარულ სესიაში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მონაწილეობა მიიღო თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
ზურაბ აბაშიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. საკრებულოს თავმჯდომარე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის დედაქალაქის, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს და მერის მოადგილეს ლევონ ჰოვანესიანს შეხვდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მთაწმინდის რაიონის გამგებელი და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა დაესწრნენ.