სოსო გიორგაძე შანხაის მერთან და Alibaba Cloud-ის დამფუძნებელთან ერთად საერთაშორისო ფორუმზე „ინტელექტუალური საკუთრება და ხელოვნური ინტელექტი“ სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების შანხაის რიგით 22-ე საერთაშორისო ფორუმში.
ფორუმის წლევანდელი თემა იყო „ინტელექტუალური საკუთრება და ხელოვნური ინტელექტი“. ღონისძიება შანხაის მერ გონგ ჟენგთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელმა, დოქტორ შენ ჩანგუიმ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილემ ვანგ ბინინგმა გახსნეს.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქპატენტის ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე. მან აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მზარდი შესაძლებლობებისა და მისი გამოყენებით შექმნილი პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებად აღიარებისა და რეგისტრაციისათვის საჭიროა შემუშავდეს მკაფიოდ გაწერილი წესები და განისაზღვროს დაცვის ფარგლები. ეს შეიძლება იყოს საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გაფართოვდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების არეალი სოციალური, თუ სამეცნიერო მიზნებისთვის, ასევე, სახელმწიფო და კერძო სერვისების მიწოდების სფეროში, რამაც შემდგომ უნდა უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება და შესაძლო საფრთხეებისაგან თავის არიდება.
აღსანიშნავია, რომ „ხელოვნურ ინტელექტსა და ღია რესურსებზე დაფუძნებული ინოვაციების“ შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ჟეჟიანგის ლაბორატორიის დირექტორმა და Alibaba Cloud-ის დამფუძნებელმა ვანგ ჟიანმა.
ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და წამყვანი კორპორაციების ლიდერები ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის შეხვედრა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელთან, დოქტორ შენ ჩანგუისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე რეფორმები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით.
შანხაის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა CNIPA-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობის ორგანიზებით.