“შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ელჩი საკმაოდ ამოვარდნილია ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოებიდან” – ზურაბ აბაშიძე

“შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ელჩი საკმაოდ ამოვარდნილია ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოებიდან”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, “როცა ხარ ელჩი, პირველ რიგში, საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენ და და პატივს სცემ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას”.

„შეიძლება, შეხვდე ოპოზიციის წარმომადგენელსაც, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ პოზიციონირებდე და წარმოადგენდე რაიმე მხარეს. ეს არ არის დიპლომატიის საქმე. შეიძლება, შენი მოსაზრებები და პოლიტიკური შეხედულებები შენს ქვეყანას აცნობო, ბუნებრივია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ და იქ აწვდი ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელჩ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორ ფორმას მიმართა, როდესაც დაიბარა, რამდენადაც ეს მიღებული ფორმაა.

ზურაბ აბაშიძემ გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობასა და ზოგადად ელჩების როლზეც ისაუბრა.

„გერმანიასთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები და ბუნებრივია, დიდი დახმარებაც გაუწევია გერმანიას ჩვენთვის. რაც შეეხებათ ელჩებს, ელჩები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან. ელჩი არ არის საქართველოს მოქალაქე, წავა ამ ქვეყნიდან და მან უნდა დატოვოს კვალი – როგორ იმუშავა, რა გააკეთა, როგორ გააძლიერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ეს ხელისუფლება მოსწონს თუ არა“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, გერმანიამ პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები