ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ფორუმში 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი “შეეხე ისტორიას“ გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობასა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-გაფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფოტოკონკურსის “ამბის გზავნილის” გამარჯვებულები და ფორუმის მონაწილეები მინისტრმა სიმბოლური საჩუქრებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ფორუმის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თეორიული სწავლებებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, შეასრულეს სიმულაციური დავალებები, რომელიც წარმოსახვითი არქეოლოგიური ობიექტებისა და მოძრავი ძეგლების საგანგებო დაცვასა და ევაკუაციას მოიცავდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მომზადების სამმართველოს წარმომადგენლები, სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.