დავით ქართველიშვილი: ეროვნული, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთი ამ ომიდან „ზე-გამარჯვებული” გამოვიდეს – ამ შემთხვევაში იმედი რაიმე მოლაპარაკებების თაობაზე შეგვიძლია დავასამაროთ
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სასაუბროდ ბუდაპეშტში შეხვდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ქართველიშვილის თქმით, ამ შეხვედრაზე უკვე რეალურად შეიძლება იყოს მიღწეული კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ორი წლის წინ წამომცდა, რომ მომავალი „იალტა-2″ შეიძლება შედგეს სწორედ ბუდაპეშტში და დღეს მაქვს მყარი ინტუიციური შეგრძნება, რომ ამჟამად, რეალურად შეიძლება მიღწეულ იქნას კონკრეტული, პრაქტიკული ტიპის შედეგები. შეხვედრას „შეხვედრის” გამო ტრამპი აღარ დაუშვებს. მით უმეტეს, რომ ალასკის სამიტისგან განსხვავებით, რომლის ორგანიზებას სულ რაღაც ერთი კვირა დასჭირდა, აქ საუბარია სულ ცოტა ნოემბრის ბოლოზე, ანუ საჭირო დეტალების შესათანხმებლად დრო ჯერ კიდევ საკმარისია.
საქართველო უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში, უსურვებს მისი დემოგრაფიული განადგურების პროცესის შეჩერებას. ამავდროულად, საკუთარი ქვეყნის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი გაურკვეველი პერიოდით დარჩება რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოში დაფიქსირებული ვითარების მსგავსად, რაც მაშინ ევროკავშირის თუ იმავე უკრაინის (რომლის რადამ მთელი რიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო) სრული უყურადღებობის, იგნორირების საგნად იქცა. აქ იმას მაინც ვამბობ: დიახ, მშვიდობის დამყარება მინდა ვუსურვო უკრაინელ ხალხს მისი ფიზიკური განადგურების შეჩერების მიზნით – ჩვენ 2008 წელს ესეც კი არ გვაღირსეს.
იმავე, ქართული, ეროვნული, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნის რიგითი მოქალაქის პოზიციებიდან, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთი ამ ომიდან „ზე-გამარჯვებული” გამოვიდეს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია თამამად დავასამაროთ ნებისმიერი იმედი, ასეთ „ზე-გამარჯვებულ” რუსეთთან ოდესმე რაიმე ტიპის წარმატებული მოლაპარაკებების თაობაზე. „კომპრომისული” და არა „ტრიუმფალური” შედეგის დადგომისას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სამომავლოდ თეორიული დადებითი შანსი ჩვენთვის, იმავე ტრამპის ადმინისტრაციის, თუ ჩინეთის ხელისუფლების ჩართულობაში მესახება, შუამავლობის დონეზე.
მგონი, ღმერთი ასეთ ვარიანტს („ზე-გამარჯვების”) არც დაუშვებს. ყოველ შემთხვევაში – ტრამპის ხელით. უნდა იქნას მიღწეული ისეთი კომპრომისი, რომელიც, ერთი მხრივ – უკრაინის მიმართ რუსეთის მაქსიმალურ მადას დააქვეითებს, ხოლო მეორე მხრივ – უკრაინის მარცხს მინიმუმამდე დაიყვანს, სამომავლოდ გაურკვეველი ვადით გაწელილი მდგომარეობის ოდესღაც შესაძლო შეცვლის მოლოდინში. დიახ, იმ ტიპის მოლოდინში, რაც საქართველოს გაგვაჩნია უკვე ათეული წლები და ამ კუთხით ფარ-ხმალს არ ვყრით”, – წერს დავით ქართველიშვილი.