შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მებრძოლები, ვეტერანები, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მტკიცე ფარს წარმოადგენდნენ

,,ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ქართველი ხალხი გამორჩეული სიმამაცითა და თავდადებით იცავდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენი მებრძოლები, ვეტერანები, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მტკიცე ფარს წარმოადგენდნენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვეტერანთა დღის აღნიშვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტერანების თავდადების შედეგია, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

„თითოეული თქვენგანი სიმამაცის ისტორიის მატარებელია. თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ცხოვრების ყველაზე საამაყო ნაწილი საქართველოს თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შესწირეთ. თქვენი თავდადების შედეგია, რომ საქართველომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ტრადიციები და კულტურული თავისთავადობა. ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი გმირობისა და ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად. გიდასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ ჩვენს საამაყო ვეტერანთა ხელშეწყობა და მათი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.

თუმცა, ვეტერანებისთვის პატივის მიგება არამხოლოდ შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებაში, არამედ მათი ღვაწლის, შეუპოვრობისა და თავდადების დაფასებაშია. სწორედ ჩვენი ვეტერანების მაგალითებსა და სიმამაცეზე აგებული მემკვიდრეობა უნდა გახდეს მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიმცემი, ქვეყნის განვითარების იდეური ქვაკუთხედი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი ვეტერანების ღვაწლის ცოდნით, მომავალმა თაობებმა დააფასონ თავისუფლება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამცველებმა, მსხვერპლის ფასად, შეგვინარჩუნეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები