კახა კალაძე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით: პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა – დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?

„პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში. კანონი დაარღვია ვინმემ? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მიმდინარე დაკავებებთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საკმაოდ ბევრნი იყვნენ ის პირები, ვინც რეზიდენციის შტურმს ახორციელებდა.

„უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა შესაბამისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, რადგან საკმაოდ მრავლად იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებდით მოწოდებებს წინა დღეების განმავლობაში იმის შესახებ, რომ კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ, ვთხოვდით ამის შესახებ, მაინც მიმდინარეობდა პირდაპირი წახალისება ამ ძალადობრივი ქმედებების, საუბრები დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ერთგვარი კამპანია იყო გაჩაღებული, შემდეგ 4 ოქტომბერს ამის აღსრულება სცადეს, მიცვივდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე გადაანგრიეს, შეჭრას ცდილობდნენ. რომ არა შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც მოიქცნენ კანონის ფარგლებში, რა და როგორ იქნებოდა, არავინ იცის.

ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ვერავის შეზღუდავ, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება.

დაკავების ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აქციებზე დაზარალებულებისადმი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და ახლაც მზად არის ამ მიმართულებით, როგორც ადგილზე მკურნალობის, ისე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში გადაყვანის მზადყოფნის თვალსაზრისით.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები