ირაკლი კობახიძე: სისტემა უნდა იყოს აგებული სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე და მაქსიმუმ 3-4 წელიწადში შესაძლებელია, ყველა ძირითად საგანში მომზადდეს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები, ისევე როგორც არჩევით საგნებში, მთავარია, სწორი სისტემა შეიქმნას, დღეს საერთოდ სისტემა არ არსებობს

სისტემა უნდა იყოს აგებული სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე, ბირთვი ისინი უნდა იყვნენ, როცა ეხება საქმე, მათ შორის, სახელმძღვანელოების მომზადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, 3-4 წელიწადში შესაძლებელია, ყველა ძირითად საგანში, ისევე როგორც არჩევით საგნებში, მომზადდეს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები.

„ჩემი მიმართულების მაგალითი რომ მოვიყვანო, კონსტიტუციურ სამართალში არის ორი ძირითადი საგანი – კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფო მოწყობის საკითხები და მეორე არის – ადამიანის უფლებები. წარმოიდგინეთ, ჩვენ ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ გვაქვს. ამდენი წელი გავიდა, მათ შორის, თსუ-ში არის 6 სრული პროფესორი, 5 ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორები, იგივე არის სხვა უნივერსიტეტებში. ამდენი პროფესორი გყავს და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ არსებობს. როგორც კი სისტემა გადალაგდება და შეიქმნება ბირთვი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით ისეთი პროფესორის, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს – ერთი სრული პროფესორი, რამდენიმე ასოცირებული, ათზე მეტი ასისტენტ-პროფესორი, გარწმუნებთ, რომ ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს მომზადება შესაძლებელია ორ წელიწადში და სისტემურად რომ გავყვე ყველა მიმართულებას,მაქსიმუმ 3-4 წელიწადში, არის შესაძლებელი, პირველ რიგში, ყველა ძირითად საგანში სახელმძღვანელოების მომზადება და ასევე არჩევით საგნებშიც არის შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება. მთავარია, სწორი სისტემა შეიქმნას, დღეს საერთოდ სისტემა არ არსებობს. თუ ვინმეს თავისი იმპროვიზაციით მოუნდება სახელმძღვანელოს შექმნა, შეიძლება შექმნას და იქაც კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, რამდენად მაღალი ხარისხის არის სახელმძღვანელო. ამიტომ რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი მაგალითად, არის ჯამში 20-ზე მეტი ძირითადი საგანი და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო შეიძლება 10 საგანშიც არ იყოს. ამის გამოსწორება შესაძლებელია 3-4 წელიწადში. 3 წელიწადში, ძირითად საგნებში, შესაძლებელია, მთლიანად გამოასწორო ვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები